ზელენსკი მოუწოდებს ეუთოს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა რუსეთზე ზეწოლისა და ომის შეჩერების მიზნით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია, გამოყენებული იყოს ყველა ეროვნული და საერთაშორისო შესაძლებლობა ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის განსახორციელებლად.

ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-20 საშემოდგომო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იმისთვის, რომ საბოლოოდ შევაჩეროთ ომის თვეები და დავიწყოთ მშვიდობის წლების ათვლა, აუცილებელია, გამოვიყენოთ ყველა ეროვნული და საერთაშორისო შესაძლებლობა ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლისთვის. იყავით ლიდერები ამ კუთხით და იყავით ლიდერები მშვიდობისკენ მოძრაობაში“, - მიმართა ზელენსკიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას.

კიევის მერის ინფორმაციით, 24 ნოემბრის დილის მონაცემებით, დედაქალაქის 70% იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე, რადგან რუსეთი განაგრძობს ქვეყნის რეგიონების კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას.