თითქმის ყოველ საათში მომდის ცნობები დამპყრობლების შესახებ, რომლებიც ხერსონს და სხვა თემებს ურტყამენ. ასეთი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსული არმია იძულებული გახდა, ხერსონის ოლქიდან გაქცეულიყო.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ეს არის მათი შურისძიება, ვინც წააგო. მათ არ შეუძლიათ ბრძოლა. ერთადერთი რაც ჯერჯერობით შეუძლიათ არის ტერორი, ენერგოტერორი, არტილერიით ან რაკეტებით. სულ ესაა, რის გამოც რუსეთი დეგრადირდა მისი ამჟამინდელი ლიდერების პირობებში.
მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებასა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს შეუძლია დაიცვას ჩვენი ხალხი ნებისმიერი რუსული ესკალაციისგან. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ პარტნიორებთან.
მალე დიდი ამბები გველოდება.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას ამ უკიდურესად მძიმე დროს! მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოსთვის! მე და თქვენ 9 თვეა ვუძლებთ სრულმასშტაბიან ომს და რუსეთმა ვერ იპოვა გზა, რომ გაგვტეხოს და ვერც იპოვის. ჩვენ ასე უნდა განვაგრძოთ როგორც ახლა, ერთიანობით და ერთმანეთის დახმარებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.