უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ირანელი ინსტრუქტორები, რომლებიც რუს სამხედროებს ყირიმში, ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას ასწავლიდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს.
ოქტომბერში მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მედიამ გაავრცელა.
რუსეთი და ირანი უარყოფენ, რომ ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში იმყოფებიან (ამის შესახებ მანამდე, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა განაცხადეს).
„ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ. ჩვენ ისინი აქ არ მოგვიწვევია. თუ ისინი ითანამშრომლებენ ტერორისტებთან და მონაწილეობენ ჩვენი ერის განადგურებაში, ჩვენ მათ მოვკლავთ“, - განაცხადა დანილოვმა.
რუსეთი ასევე უარყოფს „შაჰედი 136“-ის უპილოტო საფრენი აპარატების ირანისგან შესყიდვას, რაც თეირანმა ნაწილობრივ აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთს უპილოტო დრონების „მცირე რაოდენობა" უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე მიაწოდეს.
„ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი ვერ იფრენს, თუ ადამიანები არ ისწავლიან მათ მართვას. რუსებს არ აქვთ საკმარისი ჭკუა, რომ დამოუკიდებლად გაერკვნენ... თანამედროვე სამყაროში არაფერია დამალული. მალე ყველაფერი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა დანილოვმა.