სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ისრაელის ახალდანიშნულ ელჩს, ჰადას მეიცადს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"გრიგოლ ლილუაშვილმა და ჰადას მეიცადმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოში ისრაელის ელჩმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის დროსაც საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღიკვეთა.
გრიგოლ ლილუაშვილმა ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში ნაყოფიერი და წარმატებული დიპლომატიური საქმიანობა უსურვა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.