უკრაინის პრეზიდენტის მეოღლე ოლენა ზელენსკა და თურქეთის პირველი ლედი, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ შევთანხმდით ქალბატონ ემინე ერდოღანთან, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე. ესენი არიან სამ წლამდე ბავშვები, რომლებისთვისაც ახლა საშიშია უკრაინაში დარჩენა. ვფიქრობ, ისინი თურქეთში, უკვე რამდენიმე კვირაში წავლენ“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში.
უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების ევაკუაცია ომის პირველივე დღეებიდან დაიწყო. ზელენსკამ ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხში დიდი როლი ითამაშეს მისმა კოლეგებმა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის პოლონეთის პირველმა ლედიმ, აგატა დუდამ, საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა და გერმანიის პირველმა ლედიმ ელკე ბუდენბენდერმა.