„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი მეუღლემ სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
ეს შემთხვევა და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა.
შეგახსენებთ, თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.