უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი განიხილავს ყირიმის დაბრუნებას და მოხდება თუ არა ეს სამხედრო გზით, დიდწილად საერთაშორისო თანამეგობრობაზეა დამოკიდებული.
„მესმის, რომ ყველას აწუხებს, თუ რა ელის ყირიმს. თუკი ვინმე მზადაა, შემოგვთავაზოს ყირიმის არასამხედრო გზით დეოკუპაციის გზა, მე მხოლოდ მხარს დავუჭერ ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც არ ითვალისწინებს ყირიმის გათავისუფლებას რუსეთის ყოფნისაგან, ზელენსკიმ დროის კარგვა უწოდა.
„დასავლეთი შეშფოთებულია იმით, რომ ყირიმის საკითხი მოსკოვს აიძულებს კონფლიქტის ესკალაციას, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ჩათვლით“, - წერს Financial Times-ი.
ზელენსკიმ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ძალების დარტყმები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ომის დასრულებას არ აპირებს.
მისი თქმით, კიევისთვის ომის დასრულება ნიშნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის სრულ გათავისუფლებას.
„ყველა მიწა უნდა დავიბრუნოთ. როცა დიპლომატია უსუსურია, საკითხების გადასაწყვეტად ბრძოლის ველი რჩება. თუკი ჩვენი მიწების სრულად დაბრუნებას ვერ შევძლებთ, ომი უბრალოდ გაიყინება. მისი განახლება კი, დროის საკითხია“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-ს.