აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ 7 დეკემბერს, ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ შეხვდება, რადგან სომხეთის ლიდერმა მოლაპარაკებებზე ემანუელ მაკრონის დასწრება მოითხოვა.
„ფაშინიანი შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი მიიღებდა მონაწილეობას", - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა არ გაიმართება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ გააკრიტიკა აზერბაიჯანი ემანუელ მაკრონმა და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც არ ჩაუდენია.
ამასთან, ალიევის განმარტებით, საფრანგეთის სენატის მიერ ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მიღება, აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.
„მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთ ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას მიიღებს. საფრანგეთის მხრიდან ჩვენზე შეტევის მცდელობა იყო ფრანკოფონიის სამიტის საშუალებითაც, ეს მიუღებელია რადგან ფრანკოფონია ჰუმანიტარული ორგანიზაციაა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ალიევის ამ განცხადებას სომხური მხარე გამოეხმაურა.
„შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრა პრაღაში, სადაც შეხვედრების გაგრძელების შესახებ შეთანხმება იყო მიღწეული, ოთხმხრივ ფორმატში გაიმართა და ლოგიკურია, რომ შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა შემადგენლობა იგივე უნდა იყოს.
აზერბაიჯანული მხარის ყველა განცხადება, რომელიც სომხურ მხარეს ადანაშაულებს შეხვედრისა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა 7 დეკემბრის შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად“, - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების სპიკერმა.
შეგახსენებთ, წელს ალიევი და ფაშინიანი რამდენჯერმე შეხვდნენ ბრიუსელსა და მოსკოვში. ოთხმხრივ ფორმატში ასევე გაიმართა შეხვედრა პრაღაში.
ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას