USAID-მა უკრაინას 1000-ზე მეტი გენერატორი მიაწოდა

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკრაინას 1000-ზე მეტი ელექტრო გენერატორი მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩო იტყობინება.

„აშშ აგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის მუდმივი თავდასხმების ფონზე.

როდესაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ელექტროსისტემაზე, USAID-მა უკრაინას მიაწოდა 1000-ზე მეტი ელექტრო გენერატორი, რათა საავადმყოფოებს, სკოლებს, სასწრაფო სამსახურებს, სამთავრობო უწყებებს და სხვა საჯარო სერვისების პროვაიდერებს მუშაობის გაგრძელებაში დაეხმაროს“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში.

რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.

უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრო საგარუკმა 24 ნოემბრის საღამოს განაცხადა, ელექტროენერგია აღდგენილია ქალაქის მცხოვრებთა დაახლოებით 30%-სთვის. კიევის მერმა 24 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა. 

ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას