უკრაინა „მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, პორტების რაოდენობის გაზრდას ითხოვს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 ნოემბერს კიევში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, მარცვლეულის ინიციატივა ჯერ კიდევ არასრულფასოვნად მუშაობს. რუსეთი გემების გადაადგილების შეფერხებას ცდილობს. ბოსფორში 80-ზე მეტი გემი დგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ პორტების რაოდენობის გაზრდას და ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის გაგრძელებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეისათვის უკრაინის პორტები თითქმის 500-მა გემმა დატოვა. ეს არის 12 მილიონი ტონა საკვები 40 ქვეყნისთვის.
თუმცა ზელენსკის თქმით, მარცვლეულის დერეფნის სრულფასოვანი ფუნქციონირება საკმარისი არ არის იმ ქვეყნების საკვების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც შიმშილის მწვავე საფრთხე ემუქრებათ.
2023 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის უკრაინა გვალვისა და შიმშილის საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყნებში (ეთიოპია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, სომალი, იემენი, კონგო, კენია, ნიგერია) თავისი პორტებიდან სულ მცირე 60 გემის გაგზავნას გეგმავს.