საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხაშურში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ძალადობის მსხვერპლ მონაზონი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ამასთან, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ დანაშაულების მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედიასაშუალებებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია.
„თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის.
არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა. მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს“, - აცხადებს ლომჯარია.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება.
- დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
„ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.