ედუარდ სააკაშვილი „ნეტგაზეთთან“ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენის შემთხვევაში, არის შანსი, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი და ექსპრეზიდენტის უცხოეთში მკურნალობაზე, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
„მათ იციან რეალობა და მგონი, ეს [ემპათიის] დასკვნა და შემდეგ მისი სასამართლოში წარდგენა არის შანსი, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი. მე ოპტიმისტურად ვუყურებ, იმიტომ რომ მათ იციან, ასე ვერ გაგრძელდება და მე იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებენ.
მათ ადგილას მე გამოვიყენებდი. რაღაც მომენტში ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ უკეთესი იქნება ეს მოხდეს უფრო ადრე, რათა მამაჩემის ჯანმრთელობა ისე შეუქცევად არ დაზიანდეს. შეიძლება რაღაცები უკვე შეუქცევადია. ეს არის უკვე რისკთან თამაში, რომელიც რაც დიდხანს გაგრძელდება, იზრდება შანსები, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.
მისივე თქმით, გასაგებია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო და მიხეილ სააკაშვილი ეგრევე არ გაუშვეს. „ადამიანურად არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის. მათ ეს სჭირდებოდათ საკუთარ ამომრჩეველთან ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში, მისი იქ დატოვების მორალური და პოლიტიკური ზიანი გადაწონის მისი იქ დატოვების სარგებელს.
ეს როდის მოხდება და გვიანი იქნება თუ არა, უკვე სხვა საკითხია. მე უკვე მაშინებს, ხვალ რომ გამოვიდეს, გადაიყვანონ სადმე და იმკურნალოს, არ ვიცი, რამდენად შეიძლება დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას. აქამდეც არ უნდა მისულიყო საქმე. ხელისუფლებას შეეძლო, რაღაცები თავიდან სხვანაირად გაეკეთებინა და ეს სიმძაფრე არ დამდგარიყო.
- სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა თუ დაიდება, ის სასამართლოს უნდა წარედგნოს - ზურაბიშვილი
ეს არის უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი, მაგრამ შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია. თუ შევხედავთ, რა შედეგი მოჰყვება — მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნამყოფი, გაუბედურებული, ქვეყნიდან გაყვანილი, იქ მკურნალობენ… ოპოზიცია მგონი ამ ყველაფრის გამო შეიძლება დასუსტდა კიდეც, იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ მისი ჩამოსვლა არ იყოს საკმარისი არაფრისთვის. ხოლო „ქართული ოცნება“ გამოჩნდება როგორც ძლიერი ძალა, რომელმაც გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი.
მგონი, საკმაოდ კარგი სცენარი გამოდის მათთვის, მაგრამ მე არ ვიცი, შეიძლება მათი მრჩევლები სხვა რამეს ეუბნებიან, მაგრამ მე ამას ვურჩევდი. ოპტიმიზმი საჭიროა, იმიტომ რომ იმდენად მძიმე სიტუაცია, ერთი წელია სულ ცუდი ამბები გვესმის ამ საკითხზე, ოპტიმიზმის გარეშე დიდი ხნის წინ ფარ-ხმალს დავყრიდით.
მე მაქვს იმედი, რომ პოლიტიკურად არა, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემა მოგვარდება, რადგან მართლა არ მგონია, რომ მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს ან სამუდამოდ დაინვალიდდეს. არც პოლიტიკურად უნდა უნდოდეთ წესით ეს, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ და შეიძლება, რაღაცას ბოლომდე ვერ ვხდები“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.