ევროკავშირის საბჭომ სანქციების გვერდის ავლა „ევროკავშირის დანაშაულთა“ სიას დაამატა

ევროკავშირის საბჭომ დღეს ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დანაშაულების სიას შემაკავებელი ზომების დარღვევა დაემატა. უფრო კონრეტულად, საუბარია ბლოკის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში, ევროკავშირმა მიიღო რიგი შემაკავებელი ზომები და აუცილებელია ამ ზომების სრულად განხორციელება.

„ამჟამად წევრ ქვეყნებს განსხვავებული განმარტებები აქვთ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შემაკავებელი ზომების დარღვევა და რა სასჯელები უნდა იყოს გამოყენებული მისი დარღვევის შემთხვევაში. ამან შეიძლება, ზომების გვერდის ავლის რისკი გამოიწვიოს, რაც პოტენციურად, საშუალებას მისცემს სანქცირებულებს, გააგრძელონ წვდომა მათ აქტივებზე და მხარი დაუჭირონ ევროკავშირის ზომების სამიზნედ ქცეულ რეჟიმებს“, - ვკითხულობთ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ კომენტარში.

„ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 83(1) მუხლის თანახმად, პარლამენტმა და საბჭომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სფეროებში სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სანქციების განსაზღვრასთან დაკავშირებით შეიძლება მინიმალური წესები დაადგინონ. ამ მუხლში მოცემული დანაშაულის სფეროებია: ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა, ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, იარაღით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, გადახდის საშუალებების გაყალბება, კომპიუტერული დანაშაული და ორგანიზებული დანაშაული“, - წერია ინფორმაციაში.

შემდეგი ეტაპი

ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროკომისია წარადგენს წინადადებას დირექტივის შესახებ, რომელიც შეიცავს მინიმალურ წესებს სისხლის სამართლის დანაშაულების განსაზღვრასთან და ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სასჯელებთან დაკავშირებით. ეს დირექტივის პროექტი შემდეგ განიხილება და საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიიღება.