თურქეთი და ეგვიპტე ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობენ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა, ეგვიპტეში ელჩი უახლოეს თვეებში დანიშნოს.
მინისტრის განმარტებით, ხსენებულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
სირიასთან ეგვიპტის მსგავსი პროცესის შესაძლებლობის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მთავარი მიზანი სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებაა.
„ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს (სირიის) ოპოზიციასთან. ოპოზიცია ასევე მონაწილეობს ასტანის მოლაპარაკებებში ასადის რეჟიმთან ერთად. თურქეთი ასევე მიზნად ისახავს პოლიტიკური პროცესის, მათ შორის საკონსტიტუციო მოლაპარაკებების აღორძინებას". ეს არის ჩართულობის ნაწილი. წინსვლა საკონსტიტუციო კომიტეტმა უნდა მიაღწიოს. მაგრამ იქ პროგრესი არ არის", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
წლების განმავლობაში დაძაბულობის შემდეგ, მიმდინარე თვეში, კატარში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ეგვიპტელ კოლეგას აბდელ-ფატაჰ ალ-სისის ხელი ჩამოართვა, რაც ეგვიპტის პრეზიდენტმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ საწყისად შეაფასა.
Reuters-ის წყაროს ცნობით, ორი ქვეყნის სადაზვერვო დელეგაციები ეგვიპტეში შაბათ-კვირასაც შეხვდნენ ერთმანეთს.
მეორე წყაროს ცნობით კი, მნიშვნელოვანი დისკუსიები დაიწყო და თურქეთი და ეგვიპტე აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას სამხედრო, პოლიტიკურ და კომერციულ საკითხებზე, მათ შორის ენერგეტიკულ პროექტებზე.
„ახლახან, ცხრა წლის განმავლობაში პრობლემები შეგვხვდა. ჩვენ ეს ნაბიჯი იმ საღამოს კატარის ემირის მხარდაჭერით გადავდგით. ამ სირთულის გადალახვის შემდეგ, შეხვედრა გვქონდა ალ-სისისთან ნახევარი საათის, ან 45 წუთის განმავლობაში“, - განაცხადა ერდოღანმა და მინისტრების დონეზე კომუნიკაციის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
ეგვიპტესა და თურქეთს ელჩები 2013 წლის შემდეგ არ დაუნიშნავთ, როდესაც ურთიერთობები ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ გაუარესდა.
ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დროს გაიმართა მოკლე შეხვედრები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. იმავდროულად, თურქეთის საელჩო კაიროში, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა საქმიანობას.