ჩავუშოღლუ: ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მიაღწიოს უკრაინასა და მოლდოვას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ NATO მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საზღვრების ბალკანეთიდან საქართველოში გაფართოების მომხრეა.

ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

  • „აუცილებელია ევროკავშირის გაფართოების ახალი პროცესის დაწყება. ის უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მიაღწიოს უკრაინასა და მოლდოვას“.

მისივე თქმით, უკრაინის კონფლიქტი გკარნახობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის აუცილებლობას.


ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მცდელობას არ დაიშურებს.

ამავე გამოსვლაში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო სასწავლო მისიის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას აკლია „სტრატეგიული მიდგომა“.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ (თურქეთს) ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ერთიანობას ევროკავშირსა და NATO-ში. ევროკავშირმა გამოაცხადა ახალი სასწავლო მისიის შესახებ უკრაინაში. და, კიდევ ერთხელ უგულვებელყო თურქეთთან კონსულტაციები მისიის დაწყებამდე“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისივე შეფასებით, ეს იყო „მაგალითი იმისა, თუ როგორ დაკარგა ევროკავშირმა სტრატეგიული აზროვნება რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ვიწრო ინტერესების გამო“.

„მე ვამბობ, რომ ჩვენ არ გვჭირდება, ვიყოთ მისიის ნაწილი, რადგან ინდივიდუალურად ყველამ იცის, რამდენად ვუჭერთ მხარს უკრაინას“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.


მან ხაზი გაუსვა ერთიანობის სულისკვეთების ხელახლა აღმოჩენის აუცილებლობას. რაც მისი თქმით, აუცილებელია ახალი ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

უმაღლესმა თურქმა დიპლომატმა განმარტა, რომ „ამ ხედვის ბუნებრივი გაფართოება არის ინკლუზიური და ადგენს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს".

„გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველოში, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში. და ეს რეგიონი ვერ იქნება სრულყოფილი ჩემი ქვეყნის, თურქეთის გარეშე", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 1987 წელს გააკეთა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა მოლაპარაკებები 2007 წელს შეფერხდა.