NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ შევიკრიბეთ ბუქარესტში, შავი ზღვის სანაპიროებთან, იმ დროს, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრა, ევროატლანტიკურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. რუსეთს ამ ომზე, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების აშკარა დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება.
რუსეთის აგრესია, მათ შორის მისი მუდმივი თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მილიონობით უკრაინელს ართმევს ძირითად ადამიანურ მომსახურებას, რამაც გავლენა მოახდინა გლობალურ საკვებზე და საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ქვეყნებსა და ხალხებს.
რუსეთის მიუღებელი ქმედებები, მათ შორის ჰიბრიდული აქტივობები, ენერგეტიკული შანტაჟი და დაუფიქრებელი ბირთვული რიტორიკა, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთს 15 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, რამაც გამოიწვია ტრაგიკული მსხვერპლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
ჩვენ ვგმობთ რუსეთის სისასტიკეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და ადამიანის უფლებების დარღვევასა, მათ შორის არის იძულებითი დეპორტაცია, წამება და ბარბაროსული მოპყრობა ქალების, ბავშვებისა და დაუცველ სიტუაციებში მყოფი პირების მიმართ.
ყველამ, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, მათ შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ასევე ვგმობთ მათ, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის ბელორუსს.
ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი. არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის უკანონო ანექსიებს, რომლებიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას.
ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინისთვის, რადგან ის აგრძელებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვას რუსული აგრესიისგან. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მისივე თანახმად, NATO თავდაცვითი ალიანსია და ის გააგრძელებს ალიანსის ფარგლებში მცხოვრები მოსახლეობის, ასევე, მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვას.
„ჩვენ ვხვდებით საფრთხეებს და გამოწვევებს ავტორიტარული აქტორებისა და სტრატეგიული კონკურენტების მხრიდან ყველა სტრატეგიული მიმართულებიდან.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმძიმესი საფრთხის ფონზე და სტრატეგიული კონცეფციის შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ ახალ საბაზისო ხაზს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვითი პოზიციისთვის.
მოკავშირეების წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმაზე იქნება ერთიანი და მტკიცე პასუხი. ჩვენ ერთად ვდგავართ ერთიანობითა და სოლიდარობით და ვადასტურებთ მუდმივ ტრანსატლანტიკურ კავშირს ჩვენს ერებს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ სწრაფვას მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში“, - წერია განცხადებაში.
მანამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მინისტრები გააგრძელებენ უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინისთვის, მათ შორის გაზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით და, რა თქმა უნდა, კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.