რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუმ, ბუქარესტში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ რუმინეთსა და საქართველოს მსგავსი ამოცანები აქვთ და რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა.
„საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სიმბოლისტური, არამედ ძლიერი და თბილი გრძნობები“, - აღნიშნა აურესკუმ.
მისივე თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა – საქართველო და უკრაინა, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება ალიანსის წევრები გახდებიან.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ ამოცანას. სწორედ ამიტომ, ბუქარესტში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას, ჩვენ რუმინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დონე, სტრატეგიულ პარტნიორობამდე გავზარდეთ“, – განაცხადა აურესკუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.