კულება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის ორ გზას ასახელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა უკრაინაში ელექტროენერგიის დეფიციტის დაძლევის გზებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რუსული სარაკეტო ტერორისგან დაცვის მნიშვნელობას.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„პირველი ვარიანტი არის ელექტროენერგიის შეძენა ევროკავშირში. მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე უკრაინაში, ამიტომ, საჭირო იქნება დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა. მეორე მეთოდი გულისხმობს უკრაინის საჭირო ენერგეტიკული აღჭურვილობით, ტრანსფორმატორებით და გენერატორებით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას“, - განაცხადა მინისტრმა.

ამ კონტექსტში, კულებამ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ენერგეტიკული აღჭურვილობის სასწრაფო შესყიდვისთვის, 53 მილიონი დოლარის გამოყოფას.

მისივე ინფორმაციიტ, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა 600-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის ობიექტების მიმართულებით და იერიში მიიტანა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაში კულებაც მონაწილეობს.