NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეები ალიანსის პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გააკეთა.
რუმინეთი NATO-ს ორდღიან მინისტერიალს მასპინძლობს. დღეს ბოლო სესიას საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტებიც ესწრებოდნენ.
„დღეს შემოგვიერთდნენ ბოსნია-ჰერცოგოვინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები. NATO-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან. ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო შეშფოთების საკითხი და თანამშრომლობის გაძლიერების გზები. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გავაძლიერებთ მორგებულ მხარდაჭერას რეფორმების, შესაძლებლობების განვითარების, წვრთნების მიმართულებით, რათა გავაუჯობესოთ მათი უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამავე პრესკონფერენციაზე უპაუხა მან საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„ჩვენს ბოლო სესიაზე გამოვხატეთ სოლიდარობა ჩვენი სამივე პარტნიორის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, მოლდოვისა და საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, გაკვეთილი, რაც ჩვენ უკრაინის ომისგან ვისწავლეთ არის ის, რომ დავეხმაროთ მათ ახლავე. უმჯობესია, დავეხმაროთ მათ ახლავე, ვიდრე მაშინ, როცა დავინახავთ, რომ მოვლენები აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც დავინახეთ უკრაინაში შეჭრით.
ამრიგად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრი. მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება შემდგომი დახმარების მიმართულებით, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის დამყარება საქართველოსთან. სწორედ ამისთვის ვიყენებთ სასწავლო ცენტრს.
მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას და საქართველოსთან ერთად მუშაობას მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტის შესასრულებლად, რომელიც შევათანხმეთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტი NATO-ს სამიტზე, მადრიდში, ივნისში დამტკიცდა.