„NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას NATO-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრის წინ განაცხადა.
„განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. სასიამოვნოა, რომ გხედავთ ყველას აქ. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას NATO-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს.
NATO და NATO-ს მოკავშირეები სამივე პარტნიორს უწევენ დახმარებას ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის შესაძლებლობების მშენებლობაში, რეფორმების განხორციელებაში და მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით წვრთნებში.
დღეს ეს პარტნიორები რუსეთის ზეწოლას განიცდიან. NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა მათ მიმართ. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემები, განსაკუთრებით კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
შეხვედრას საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან.
NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ბუქარესტში გაკეთდა.
29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.