საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი რიჰო უტეგი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„მხარეებმა ტერიტორიული თავდაცვის შესახებაც ისაუბრეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ყურადღება გამახვილდა ტერიტორიულ და სამობილიზაციო რეზერვზე, ასევე თავდაცვის მოხალისეებსა და თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საკითხებზე. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ესტონეთის მხარეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ესტონეთის თავდაცვის ლიგის მთავარი სერჟანტი პიტერ ლენდი დაესწრნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „პალდოსა“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც მოინახულებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.