ევროკომისია, გაეროს მხარდაჭერით, სპეციალური სასამართლოს შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის აგრესიასა და უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 30 ნოემბერს, ბრიუსელში განაცხადა.
მისი თქმით, ახალი სტრუქტურის შექმნის სურვილი არ ნიშნავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) თანამშრომლობაზე უარს.
„ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა მივაღწიოთ მაქსიმალურად ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას ამ სპეციალიზებული სასამართლოსთვის“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი თავისი აგრესიისა და საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.