სასჯელისგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ალტერნატივის, სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს მივმართეთ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
„დასკვნა მომზადებული ცენტრ „ემპათიის“ მიერ, რომელშიც ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად მონაწილეობდა საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისია. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, პატიმარს დაუდგინდა მძიმე დიაგნოზები, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას და საფუძველს, რომ მიგვემართა სასამართლოსთვის სასჯელისგან გათავისუფლების და ალტერნატივის, სასჯელის გადავადების მოთხოვნით, რაც გაკეთდა კიდეც ამ დილით. ჩაბარდა დოკუმენტაცია თავისი მტკიცებულებებით.
უახლოეს დღეებში, ვფიქრობ, სადღაც ერთი კვირის ინტერვალში ჩაინიშნება სასამართლო პროცესი და უკვე დაიწყება ჩვენი შუამდგომლობის განხილვა. წარმოუდგენელია ამ დასკვნის საფუძველზე სასამართლომ გვითხრას უარი. თავად დასკვნა მყარი მტკიცებულებაა, მაგრამ დასკვნასთან ერთად წარდგენილი არის დაცვის მხარის მიერ მოყვანილი უტყუარი მტკიცებულებები, ამის იგნორირება წარმოუდგენელია, ჩათვალეთ, სასიკვდილო განაჩენია.
დიაგნოზებზე ვერ ვისაუბრებ, თავად პატიმარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონფიდენციალურია, თუმცა შემდგომში ალბათ შეცვლის ამ პოზიციას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.