საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესაზებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნას მიესალმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მოკლე დროში მიიღებს ვენეციის კომისიისგან მოსაზრებებს.
„ჩვენ გულთბილად მივესალმებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, გაუგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიას, მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დამდგენს ეკითხებიან მოსაზრებას.
ვიმედოვნებთ, რომ ეს მოსაზრება საქართველოს პარლამენტს რაც შეიძლება მალე გადაეცემა და შემდგომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული კანონის საბოლოოდ მიღებამდე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.