ევროკავშირი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია

ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის  ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნაზე, პოზიტიურად აფასებს. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს. 

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 28 ნოემბერს, ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.


ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინოს.

„ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.


შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.