რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.