სააკაშვილის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
„გიორგი არევაძე გამოცდილი მოსამართლეა, მასთან ჩვენ არაერთ საქმეზე გვიმუშავია. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის სასჯელის გადავადება, გათავისუფლება არ მოხდება, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია. ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.
სასამართლო მსვლელობაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება სერიოზული იურისტისგან ძალიან ძნელია. ეს დამოკიდებულია მხარეებზე, ვინ რას და როგორ დაამტკიცებს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. მოგეხსენებათ, ეს საქმე გვინდა არ გვინდა, დახუნძლულია პოლიტიკური შემადგენელით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.