ოლაფ შოლცი სტოლტენბერგს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები უნდა გადავაფასოთ

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება.

„მე და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განვიხილეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ზღვაში. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რისკები.

ეს განსაკუთრებით ეხება ჩრდილოეთ ზღვას, სადაც ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დღეს და გუშინ, როცა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ჩვენთან იყო, შევთანხმდით, რომ ეს საერთაშორისო კოორდინაცია უნდა მოვახდინოთ. თუმცა NATO უნდა იყოს პირველი შეხების წერტილი, ჩვენ შეგვიძლია, ვისარგებლოთ მისი გამოცდილებით, შესაძლებლობებით და მისი ამოცანებით“, - განაცხადა ოლაფ შოლმა.


მისივე თქმით, გერმანია მიესალმება იმ ფაქტს, თუ NATO იტვირთავს უფრო ძლიერ კოორდინირებულ ფუნქციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის.

„NATO-ს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა შესაბამისი აქტორის კოორდინაციის გზით, მას შეუძლია, წვლილი შეიტანოს საერთო სურათში. ჩვენ ვგეგმავთ ამ ამოცანების გადაჭრას ერთად, როგორც ალიანსის წევრები“, - აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, გერმანია და ნორვეგია გამოვიდნენ ინიციატივით, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - გაზსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა, რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება.