მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი, საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს.
საქმეში დაზარალებულად სულ 4 მოსწავლე იყო ცნობილი.
"სასამართლომ მასწავლებელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის, მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.
მოზარდი გოგონების მშობლების ინფორმაციით, პოლიციისთვის მიმართვამდე მათ საქმის კურსში ჩააყენეს სკოლის დირექცია, თუმცა ფაქტს დირექტორისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა. საქმეში არსებობს წერილიც, რომელიც მოსწავლეებმა დირექტორს მისწერეს მასწავლებლის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას დედა ამბობს, რომ საქმის გახმაურება ბევრს არ სურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების შესაძლო რეაქცია იყო:
„ბევრს არ სურდა ამ საქმის გახმაურება. სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა ამ ამბავს, მაგრამ სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი ყოველთვის გვერდით დაუდგება. ყველა ნორმალურმა და მოსიყვარულე მშობელმა იგივე უნდა გააკეთოს. არ უნდა შეეშინდეს კრიტიკის ან იმის, რომ თითით საჩვენებლები გახდებიან“.
ამ ეტაპზე სასამართლო სკოლის დირექტორის ბრალდებაზე მსჯელობს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. პროკურატურამ მას ბრალი დანაშაულის დაფარვის მუხლით წარუდგინა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.