ბევრისგან მოვისმინეთ გააზრება, რომ შეცდომა იყო, როდესაც ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა. ყველას პოზიციაა საქართველოს პროგრესის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ შემდეგში გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.
„დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის საგარეო სპიკერებთან. ყველას აქვს ერთიანი პოზიცია – ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესის მრავალპარტიული და მრავალფრაქციული მხარდაჭერა. ჩვენ ბევრისგან მოვისმინეთ იმის გააზრება, რომ ივნისში, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, გადაწყვეტილება იყო შეცდომა, ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ვფიქრობ, სრული გაცნობიერებაა, რომ სჯობდა, საქართველოს მიმართ ივნისში გადაწყვეტილება ყოფილიყო პოზიტიური. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით გადაწყვეტილება შემდეგში პოზიტიური იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.