„აუცილებელია დავარწმუნოთ ზოგიერთი ჩვენი მოკავშირე, რომელიც ომის გაგრძელების მომხრეა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
ჩავუშოღლუმ აღიარა, რომ ამის გაკეთება ახლა უფრო რთული იქნება, ვიდრე მარტში, როდესაც უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ანტალიასა და სტამბულში შეხვდნენ.
„დღეს უფრო რთული იქნება, რადგან შეიქმნა ახალი პირობები. რუსეთი წამოაყენებს საკუთარ პირობებს, უკრაინა არ მიიღებს მათ, მაგრამ თურქეთი გააგრძელებს თავის ძალისხმევას საკითხის გადაჭრისთვის“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ომი დიპლომატიის გამოყენებით უნდა დასრულდეს.
მინისტრმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა პრაგმატულ პოზიციას იკავებს ამ საკითხის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით, რასაც კონკრეტული შედეგები მოაქვს.
„იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე გვექნება უფრო ნათელი სურათი მოლაპარაკებების პირობების ორგანიზების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ყველაზე ცუდი მშვიდობა ომს სჯობს. ამის მაგალითად ის „მარცვლეულის შეთანხმებასა“ და ტყვეთა გაცვლას ასახელებს.