შუა დერეფნის „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება - ბაქოს პორტის დირექტორი

სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.

მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.

მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური იქნება.

„2019 წელს ბაქოს პორტმა მიიღო ეკო-პორტის სტატუსი, რის შემდეგაც მეზობელი ქვეყნების საზღვაო ნავსადგურებმაც დაიწყეს მსგავსი სტატუსის მიღების პროცესი.

აქტაუს პორტი მეორეა კასპიის რეგიონში, რომელმაც სტატუსი „მწვანე" მიიღო. ჩვენ გვჯერა, რომ სხვა ნავსადგურები მიიღებენ მსგავს სერტიფიკატს "ეს მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მწვანე, მდგრად სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ის მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება", - თქვა ზიადოვმა.

შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.