მედია: კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა, უკრაინის სასარგებლოდ გაიყიდება

კრემლის მომხრე ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის მდიდრული იახტა უკრაინის სასარგებლოდ გაიყიდება. ამის შესახებ Тhe Guardian წერს.

92,5 მეტრიანი სუპერიახტის „Royal Romance“ ფასი დაახლოებით $200 მილიონია.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მთავრობებმა ასობით რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესეს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის სასარგებლოდ მათი ქონება გაიყიდება. 

The Guardian დასძენს, რომ ხორვატიაში მდებარე იახტა უკვე დაათვალიერეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და FBI-ს აგენტებმა.


უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ.

66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“.

12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.