გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა, ხორვატიაში, კრემლის მომხრე ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის მდიდრული იახტა გაჩხრიკეს.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 15 ნოემბერს გაცემული ჩხრეკის ორდერის საფუძველზე, ადრიატიკის ზღვაზე მდებარე ქალაქ ტროგირში, ნავსადგურში 92 მეტრიანი იახტის Royal Romance-ის ჩხრეკა განხორციელდა.
ინფორმაცია Jutarnji List-ს მოსამართლემ და სპლიტის რაიონული სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დინკო მეშინმა დაუდასტურა. მოსამართლემ სხვა დეტალებზე საუბარზე უარი განაცხადა, რადგან მთელი პროცედურა გასაიდუმლოებულია.
უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.
ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ.
66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“.
12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.