უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ მისცეს, რაც მოსკოვი თავის ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს, ომის ყველა დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს.
არახამიას განმარტებით, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს, უკრაინული მხარე მზადაა, დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბროს უსაფრთხოების გარანტიებზე.
„რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი. ამის შემდეგ, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, წერს არახამია „ტელეგრამ“ არხზე.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდება, დასავლეთმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გარანტიების მიცემა უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში.