საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონმა განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა პუტინმა პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებისთვის, მაკრონმა უპასუხა:
„ჩვენ უნდა შევაგროვოთ ომის დანაშაულების ყველა მტკიცებულება და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ უკრაინაში პოლიციელებისა და ექსპერტების გაგზავნით... ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველა კანონიერი ინიციატივები ასე რომ, ჩემი პასუხი არის დიახ."
ამავდროულად, მაკრონი აცხადებს, რომ პუტინთან ღია დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სთავაზობს სპეციალიზებული სასამართლოს შექმნას (გაეროს მხარდაჭერით), რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და დანაშაულები გამოიძიონ.