მამუკა ჟღენტი: სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაში ტერმინი - რუსეთის მიერ განხორცილებული „ეფექტური კონტროლი“ ოკუპაციის სინონიმია

2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ამასთან დაკავშირებით, Europetime საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელს, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილ ელჩს, მამუკა ჟღენტს ესაუბრა. დიპლომატი სასამართლოს დადგენილების მნიშვნელოვან ასპექტებზე მიუთითებს და პრეცედენტებსაც იხსენებს:

„რუსეთმა პირწმინდად წააგო ეს საქმე. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი, სიცოცხლის უფლება. კერძოდ კი, არ გამოიძია ამ უფლებების დარღვევები, დაარღვია მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ კი განახორციელა წამების და არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები.

სხვათა შორის ეს ეხება არამხოლოდ 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ მითითებულია, რომ მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლებები დაარღვია სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ჯერ კიდევ 7 აგვისტოს.

სასამართლომ ასევე ცნო რუსეთი კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის დამრღვევად, რაც ეხება საკუთრების უფლების დარღვევას, რაც ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მეტადაც თუ არა. იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომ აღსრულების პროცესში საკუთრების უფლების აღდგენა ან კომპენსაცია არის სერიოზული ბერკეტი, რომელსაც ქართული მხარე აუცილებლად სერიოზულად გამოიყენებს ამ მიმართულებით.

„ეფექტური კონტროლი“

სასამართლოს დადგენილებით, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. ტერმინი ეფექტური კონტროლი, რომ ვთარგმნოთ - ოკუპაციის სინონიმია, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.

სანქციები

ეს არ არის გაეროს უშიშროების საბჭო, თუმცა ბოლო ხანებში არც გაეროს უშიშროების საბჭო გამოირჩევა დიდი ეფექტურობით, სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის კუთხით, მაგრამ ამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, უკვე ყველა ჩვენი პარტნიორი რუსეთთან ურთიერთობაში მოითხოვს ამ საკითხის გადაჭრას. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, წლების განმავლობაში გაიჭიმება.

პრეცედენტები

შეგვიძლია გავიხსენოთ არა სახელმწიფოთაშორისი, არამედ ინდივიდუალური საქმე, რომელიც დეკადების განმავლობაში გაიწელა ევროპის მინისტრთა საბჭოში. ეს იყო მაგალითად საქმე „ქალბატონი ლოიზიდუ“ - კვიპროსის მოქალაქემ, საკუთრების უფლების დარღვევაზე და შესაბამის უფლებრივ მდგომარეობის აღდგენაზე მიმართა სასამართლოს და მოიგო ეს საქმე თურქეთის წინააღმდეგ.

თუმცა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქმის საბოლოო გადაწყვეტას წლები დასჭირდა. ორ დეკადაზე მეტი. საბოლოოდ მოხდა კომპენსაციის გადახდა, თუმცა ამას დიდი დრო, დიდი მუშაობა დასჭირდა. ფაქტობრივად, ყოველკვირეულად და ნებისმიერი ადამიანის უფლებების საკითხებზე, მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ეს საკითხი განიხილებოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში თურქეთმა მაინც გადაუხადა.

„ასევე ძალიან საინტერესოა, რომ დადგინდა, რუსეთის მიერ, კონვენციის 38 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო პროცესის მსვლელობისას, რუსეთი არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, თუ შენ მართალი ხარ, არც დასამალი გაქვს არაფერი და შესაბამისად სასამართლოსთან თანამშრომლობ. რუსეთის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. სასამართლოს ხან საერთოდ არ აწვდიდა ინფორმაციას, ხან აწვდიდა ძალიან დაგვიანებით. ესეც საკმაოდ სერიოზული მიმანიშნებელია იმისა, თუ რეალურად ვინ მოიგო და ვინ წააგო საქმე“.

დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, სარჩელის ამ ნაწილის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, ასევე პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენს დროში ძალიან შორს ვართ ისტორიული კონტექსტისგან და პატივისცემის მიუხედავად, არ ვეთანხმებით უმრავლესობის დასკვნას, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას. ჩვენ შეძრულები ვართ ამ არგუმენტებით. ჩვენი აზრით, ამ სასამართლოს როლი მდგომარეობს სწორედ პრიორიტეტულად რთული ამოცანების გადაწყვეტაში“, - წერს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე.

მამუკა ჟღენტი: ეს უფრო მნიშვნელოვანია მკვლევრებისთვის, საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტებისთვის, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე პირებისთვის, მაგალითად, სადოქტორო ნაშრომზე სამუშაოდ, ან სამსჯელოდ სტრასბურგის სასამართლოს საპრეცედენტო სამართალზე და ა.შ.

თუმცა ესეც გასათვალისწინებელია, რომ ცალსახა არ ყოფილა სასამართლოს დიდი პანელის მოსამართლეთა მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით. განსხვავებული პოზიციებიც იყო. მინდა ვთქვა რომ უაღრესად საინტერესო დასაბუთებულად, პროფესიონალურ დონეზე მომზადებულად მიმაჩნია ის განსხვავებული შეხედულება, რომელიც საქმესთან არის დართული, რომელიც მოამზადა და წარადგინა მოსამართლემ საქართველოდან ლადო ჭანტურიამ.

არც მე არ მიმაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სწორი გზა აირჩია, როდესაც განაცხადა, რომ ომის პერიოდი მის კომპეტენციაში არ შედის და წარმოადგენს არა ადამიანის უფლებათა არამედ ჰუმანიტარული სამართლისა და შესაბამისად ე.წ. ჟენევის კონვენციების თემას და გადაამისამართა ეს თემატიკა ჰააგის სასამართლოში.

არც ის მგონია მართებულად, რომ სასამართღლომ აღნიშნა, რომ ცხელი ომის პერიოდში იმდენად მასშტაბურია დარღვევები, რომ სასამართლოს არ გააჩნია რესურსი მათი გამოძიებისა. თუმცა, განსხავევიბით იმისგან, რასაც ავრცელებს კრემლის პროპაგანდისტული მანქანა, სასამართლოს არსად უთქვავს, რომ რუსეთი ამ პერიოდში ეფექტურ კონტროლს არ ახორციელებდა. სასამართლომ, უბრალოდ თავიდან აიცილა 8-12 აგვისტოს პერიოდში ამ საკითხის გადაწყვეტა", - აღნიშნავს მამუკა ჟღენტი.

„ის ფაქტი, რომ სასამართლომ არ განიხილა საქართველოს მხრიდან მაგ. კონვენციის მეორე ოქმის უფლებათა დარღვევის; მაგ. განათლების უფლების საკითხი, ეს ქართული მხარის მხრიდან ტაქტიკური სვლა იყო.

რადგან ყველამ ვიცოდით, რომ სასამართლო, როგორც წესი, ყველა წარდგენილ მუხლზე არ იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, რაც მეტი მუხლის დარღვევის დაფიქსირებას მოვითხოვდით და შესაბამის მტკიცებულებებს წარვადგენდით, მეტი შანსი ჩნდებოდა ძირითადი მუხლების მოგების. ვიმეორებ, ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად მთავარი ამოცანა იყო, რომ სწორედ ის დარღვევები, რომლებიც შეეხებოდა მეორე, მესამე მუხლებს, პირველ ოქმის პირველ მუხლს, მთავარი იყო და ეს ასეც დადგინდა”, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას მამუკა ჟღენტი.

რუსეთის რეაქცია

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავა რუსეთის სასარგებლოდ დასრულდა, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ქმედებისგან არაფრით განსხვავდება. რითიც რუსეთის ხელისუფლება თავს იმართლებს და აწვდის საკუთარ მოსახლეობას, მაგონებს იმას, რასაც აკეთებდა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება, როცა მედიასაშუალებით თავის მოსახლეობას აუწყა, რომ თურმე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, მისმა ნაკრებმა გაიმარჯვა. აი დაახლოებით ამ დატვირთვის, შინაარსის და ამ დონის ინფორმაცია და პოზიცია გახლავთ ესეც“, - ამბობს მამუკა ჟღენტი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, ​კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს

მამუკა ჟღენტი: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვება, უკრაინის საქმის მოგებას დააჩქარებს