ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც, რადგან წინასწარ შეიძლება განვჭვრიტოთ, თუ რა მიდგომა ექნება სტრასბურგის სასამართლოს უკრაინის საქმეზეც.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის შეფასებით, საქართველოს გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც.
„გასათვალისწინებელია, რომ დღეს, სასამართლოში ასევე განიხილება უკრაინის მიერ შეტანილი რამდენიმე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ჩამოგდებულ თვითმფრინავზე ნიდერლანდებთან ერთად, ასევე ყირიმის ოკუპაციასა და ანექსიაზე. საქართველოს საქმე და ეს შედეგი უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც, რადგან წინასწარ შეიძლება განვჭვრიტოთ, თუ რა მიდგომა ექნება სტრასბურგის სასამართლოს უკრაინის საქმეზე (ყირიმის საქმე) რუსეთს წინააღმდეგ.
უკრაინას რამდენიმე საქმე აქვს შეტანილი და ვიმედოვნებ, ამ საქმეებშიც სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს კი საშუალებას მოგვცემს ძალისხმევის გაერთიანებისა, რაც მეტ შანსს იძლევა იმისთვის, რომ ეს საერთო ბრძოლა დადებითი შედეგით დასრულდეს. ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ უნდა შევქმნათ გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან მიმართებით, რომ ეს ყველაფერი მოკლე დროში მოხდება", - განუცხადა Europetime-ს მამუკა ჟღენტმა.
2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს
სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა.
სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.