ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე - „საქართველო რუსეთის“ წინააღდეგ - ომის საქმეზე განაჩენი დადგა, მაგრამ წინ, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, მათ შორის სასამართლოსთან.
როგორც Europetime-სთან საუბრისას მამუკა ჟღენტმა განმარტა, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს ფარგლებში ორივე მხარემ 12 თვის განმავლობაში უნდა წარადგინონ შესაბამისი შეხედულებები, რის საფუძველზეც, ევროპული სტრუქტურები უკვე მიიღებენ გარკვეულ დამატებით გადაწყვეტილებებს, მათ შორის მაგალითად კომპენსაციაზე, ან რუსეთის მხრიდან ე.წ. ინდივიდუალურ და საერთო ზომებზე დარღვეული მუხლების შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
„ამის შემდგომ, საკითხი ასევე წარიმართება ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღებ, ანუ მთავარ ორგანოში - მინისტრთა კომიტეტში, რომელშიც წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენენ მთავრობები. სწორედ მინისტრთა კომიტეტი გახლავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად ის ორგანო, რომელიც ახორციელებს სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე ზედამხედველობას,
პროცესი ხანგრძლივი იქნება. ეს ხანმოკლე პროცესი არ არის. ამის თაობაზე არსებობს გარკვეული გამოცდილება სხვადასხვა საქმეში, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოთა შორის საქმეზე. სადაც სასამართლოს არ გამოუტანია არც ინდივიდუალური არც საერთო ზომები, რომლებიც მოპასუხე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.
შესაბამისად, რუსეთის ერთ-ერთი ტაქტიკა იქნება, ეს საკითხი რამენაირად მინისტრთა კომიტეტში გაწელოს. თუმცა მიუხედავდ ამისა, ის რაც მოხდა, არის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომ საქართველომ უფრო ეფექტურად და დამაჯერებლად განაგრძოს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა მოხდეს კიდევ უფრო მეტი ზეწოლა რუსეთზე და მიღწეული იყოს გარკვეული პროგრესი, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის თვალსაზრისით, დევნილების დაბრუნების კუთხით, ასევე გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღწევად, ამ ორი ტერიტორიის საქართველოს იურისდიქციაში დასაბრუნებლად. ეფექტური კონტროლის დასაბრუნებლად”, - აღნიშნავს Europetime-სთან საუბრისას, ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელი.
2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის.
მამუკა ჟღენტი: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვება, უკრაინის საქმის მოგებას დააჩქარებს