ბუდაპეშტმა უკრაინის 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი დაბლოკა, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, უნგრეთის ფინანსთა სამინისტრომ 6 დეკემბერს განაცხადა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მოეხსნას თუ არა დროებითი აკრძალვა უნგრეთისთვის განკუთვნილ მილიარდობით ევროს.
ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა და ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში საბჭოს პრეზიდენტმა (ECOFIN) ზბინეკ სტანჯურამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამჟამად სხვა მექანიზმს ეძებს, რათა უკრაინისთვის თანხების გამოყოფა უზრუნველყოს.
- ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს
ევროკომისიამ უკრაინას 9 ნოემბერს შესთავაზა 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი, რათა დახმარებოდა უკრაინას ძირითადი საჯარო სერვისების მუშაობაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
ევროკავშირს ფულის გამოყოფა მხოლოდ გაერთიანების 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერით შეუძლია, რადგან ბიუჯეტის წესები ერთსულოვნებას მოითხოვს.