საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე იმ მიზეზის გამო, რომ მისივე განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ სურდა ნიმუშის აღება. მას საბოლოოდ, უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე. მომდევნო დღეებში ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა გამომძიებელმა ჟურნალისტებთან.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.