მას შემდეგ რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, ჩვენ, მთელი საზოგადოება, მთელი ხალხი, მთელი ერი გავერთიანდით და 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„იგივე უკრაინის ფოსტის მონაცემებით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. მანამდე აქ დავეხმარეთ უკრაინიდან ლტოლვილებს და მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ. ახლაც გრძელდება ეს დახმარება. იგივე უკრაინულ ენაზე სწავლა, უკვე გავხსენით უკრაინული სკოლები. ასევე გამოვნახავთ რესურსს და ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს.
„რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის შესახებ ნათლად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, ამ კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს არ ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ როგორც მმართველი გუნდი, პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ხალხის წინაშე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას, გენერატორებთან დაკავშირებით ერთი თვის წინ დახამარება სთხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.