საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო.
„უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც. ეს ფრონტი და ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ ყველანი, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ ყველა ქვეყანას და ხალხს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს მხარესაა.
"მე ვარ საქართველოს მხარეზე, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასეც იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ვალდებულება და ყველა ჩვენი მოქალაქის სურვილი", - განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, ქვეყნის ინტერესი რომელია, უკრაინის გამარჯვება თუ რუსეთის გამარჯვება?“ ღარიბაშვილმა უპასუხა:
„უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მე ვარ სამართლიანობის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე“.
ღარიბაშვილმა ასევე განმარტა მისივე განცხადება და აღნიშნა, რომ არ უგულისხმია, თითქოს, ყველა, ვინც უკრაინაში იბრძვის, „ომის პარტიას“ მიჰყავს უკრაინაში.
„არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა მათგანი წაყვანილია „ნაცმოძრაობის“ მიერ. უნდა გაიმიჯნოს. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არიან, დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის მიერ წაყვანილი და ორგანიზებული“.
ასეთად მან მამუკა მამულაშვილი დაასახელა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა და ფრონტიდან „პოლიტიკური განცხადებების“ გამო გააკრიტიკა.
„ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს. ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც სხვა რომელიმე პარტიასთან. ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის“, - წერს თავის მხრივ ნონა მამულაშვილი Facebook-ზე.