ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა.
ევროპარლამენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას 24 ნოემბერს დაუჭირა მხარი.
გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა ძალაში.
„ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემა ხდება. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებად ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
- ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული დოკუმენტები
- ევროპარლამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ ცნობს
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ.
რუსეთი ყირიმის მცხოვრებლებისთვის პასპორტებს 2014 წელს ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ გასცემს და ამჟამად ანალოგიურად მოქმედებს უკრაინის სხვა კონტროლირებად რაიონებში.
ამ რუსული პასპორტების მიუღებლობა ვრცელდება მაშინ, როდესაც ვინმე ითხოვს ვიზას ევროკავშირში შესასვლელად, ან როდესაც ისინი კვეთენ ევროკავშირის გარე საზღვრებს. კომისიის ცნობით, თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ მიიღებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
რაც შეეხება უკრაინას, დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.