სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო. თურქული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური პირები თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვის ახალ წლამდე დაწყების საკითხს განიხილავენ.
იგეგმება ალიკანის სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტის გახსნაც, რომელიც 1993 წლიდან დახურულია.
ალიკანის სასაზღვრო გადასასვლელი ორ ქვეყანას 128 მეტრი სიგრძის ხიდით აკავშირებს. თუმცა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში დაკეტვის გამო, უფუნქციო გახდა.
„ხიდის შეკეთებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო“, - ციტირებს Hurriyet ოფიციალურ პირებს.
ნორმალიზაციის პროცესის მესამე ეტაპი უკვე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებაზე მოლაპარაკებები იქნება, იტყობინება Hurriyet.
„ამაზეც ტექნიკური სამუშაო უკვე დაწყებულია“, - ამბობს ოფიციალური პირი გამოცემასთან.