ჩვენ ვახორციელებთ თანამედროვე აბრეშუმის გზის რეკონსტრუქციას - მევლუთ ჩავუშოღლუ

ჩვენ ვახორციელებთ თანამედროვე აბრეშუმის გზის რეკონსტრუქციას.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, თურქეთის საგარეო პოლიტიკის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში გრძელდება სამმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში - თურქეთი-აზერბაიჯანი-უზბეკეთი, თურქეთი-აზერბაიჯანი-ყაზახეთი.


ცნობისათვის,  „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას.

იგი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა.

„ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის, 30-მდე ჩინური კომპანია თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში. 

საქსტატის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვამ $400 მილიონი შეადგინა.