მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ფრაქციებს შორის კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდა 19-კაციანი სიის შემცირება რვა კანდიდატამდე.
„ახლა მთავარია, ყველა ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს, რომ მნიშვნელოვანია, იყოს კვალიფიციური უმრავლესობ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა, სწორედ ასე მიუდგეს ჩვენი ოპოზიციაც. მნიშვნელოვანია, კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით აქ საუბარია „ქართული ოცნების“ დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო ამ თანამდებობაზე. ვნახოთ, ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე კონსულტაცია. იმ მომენტში, როგორც კი დავინახავ, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა კანდიდატის გარშემო, კენჭისყრა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ სახალხო დამცველს. კიდევ ერთხელ აქ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ვერც ერთი ფრაქცია ცალკე ვერ აირჩევს სახალხო დამცველს. ამავე დროს, სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხმების გარეშე. ამ მოცემულობით და იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოადგენს ხმების უმრავლესობას, მნიშვნელოვანია, რომ ამ სხვადასხვა წონის გათვალისწინებით, ფრაქციებმა იმსჯელონ და შევთანხმდეთ საერთო კანდიდატზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.