ოსლოში, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის წარმომადგენლებს გადაეცათ

ნორვეგიის დედაქალაქში, დღეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღეს უფლებადამცველებმა უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიდან.

ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“ უკრაინიდან, რუსული ორგანიზაცია „მემორიალი“ და პატიმრობაში მყოფი ბელორუსი აქტივისტი ალეს ბიალიაცკი.

სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის თავმჯდომარემ, ალექსანდრა მატვიიჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის ისტორიის ამ მძიმე მომენტში ერთადერთი გზა - სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ბრძოლაა.

ცერემონიაზე ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ბერიტ რეის-ანდერსენმა აღნიშნა, რომ „მსოფლიოს სჭირდება ის მშვენიერი პიროვნებები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც დიდი პირადი მსხვერპლის ფასად ეწინააღმდეგებიან აგრესიას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის სახელით".