სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებას დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერს ნედ პრაისი.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.