საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ნებართვების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით", – განაცხადა გომელაურმა.
მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ:
„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად, სამწუხაროდ, უკვე მოყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.
ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის. დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება. ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“.
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანსი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
2 ოქტომბერს ერევანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ბაქოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია. 30 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებათა უშედეგობაზე ისაუბრა და ცალკეული ქვეყნების მოწოდებებს დიალოგისკენ აზრს მოკლებული უწოდა.
27 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის სარდლობამ გააკეთა განცხადება მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზის მთელს პერიმეტრზე შეტევის წამოწყების თაობაზე, – როგორც ბაქო ირწმუნება, სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ინციდენტების საპასუხოდ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში კომენდანტის საათია შემოღებული. საომარი მოქმედებაა გამოცხადებული სომხეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზა, თბილისში გამართონ შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩამოყალიბებაზე იქნება მიმართული.თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულოი კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.